თბილისის მერია დედაქალაქის ტრადიციულ დღესასწუალისთვის, თბილისობისთვის მზადებას იწყებს, რომელიც წლეულს 1 და 2 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისობის დღეებში დედაქალაქის ისტორიული ცენტრის – ორბელიანის, გუდიაშვილის, ლეღვთახევისა და რიყის პარკის სკვერებში, სპეციალურად აღჭურვილ სივრცეებში სხვადასხვა ღონისძიებები, კონცერტები და ბაზრობები გაიმართება.
სადღესასწაულო სამზადისთან დაკავშირებით, რომელიც 28 სექტემბერს დაიწყება, ქალაქის ხელისუფლება 3 მილიონ 50 ათასი ლარის (1 მილიონ დოლარზე მეტი) მომსახურების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
ქალაქის ცენტრს დაამშვენებს დეკორაციები, დაძმობილებული ქალაქებისა და თბილისის პარტნიორების პავილიონები, სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“, სამგანზომილებიანი თაღი, სამგანზომილებიანი ლოგო „თბილისი 2022“, ინსტალაცია „საპატიო თბილისი“, დამონტაჟდება ლაუნჯის ფართი, კაფე „ქიმერიონი“, ინსტალაციები „მთაწმინდის მთვარე“, „მოცულობითი გაზეთი“ და სხვა.
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე „თბილისის უბანი ათონელზე“ მოეწყობა – პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით და შემოდგომის ხილით მოირთვება.
რიყის პარკი გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალს უმასპინძლებს. მასში იქნება საბავშვო გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები, თემატური ინსტალაციები, ღია კინოთეატრი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. პარკში მოეწყობა მორთული სცენა, რომელიც ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საბავშვო ანსამბლებისა და მუსიკალური ჯგუფების კონცერტებს.
გუდიაშვილის აღდგენილი მოედანი წელს პირველად გახდება თბილისობის ადგილი – ღია ცის ქვეშ თბილისის კაფე მოედნის ცენტრში განთავსდება. გაიმართება მუსიკალური პროგრამა, ცნობილი შეფ-მზარეულები სტუმრებს ორიგინალურ კერძებსა და დესერტებს შესთავაზებენ.
თბილისის აბანოებთან ლეღვთახევის ხეობაში დადგამენ დეკორაციას – „მეხოტბეს“, თბილისს სახოტბო ნაწარმოებს პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები მიუძღვნიან.
1 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
„თბილისობა 2022“ 2 ოქტომბერს ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტით დასრულდება.