ახალქალაქის ცეკვის ანსამბლი “ჯავახკი” 20 აგვისტოს საბერძნეთში გამართულ ცეკვის მე-16 საერთაშორისო ფესტივალ PARALIA FEST-დან საპატიო პირველი ადგილით დაბრუნდა.
«ჯავახკის» 31 მონაწილისგან შემდგარმა ჯგუფმა უბრალოდ გააოცა მაყურებელი თავისი შესრულებით. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ძალიან კმაყოფილია, მიუხედავად თავდაპირველი სირთულისა. თუმცა, მისი თქმით, იმდენი დადებითი მოვლენა იყო, რომ ყველა სიძნელე დაივიწყეს.
„ძალიან მშვენიერი ფესტივალი იყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, საშინელი სიძნელეებით ჩამოვედით – მანქანის, ვიზის და ა.შ. საკითხები, მაგრამ, როგორც იტყვიან, მივედით, ვნახეთ და მოვიგეთ. ორ ადგილას გამოვედით და ორივე ადგილას კონცერტის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი მოგვანდეს“, – ამბობს აშუღ ალიკ ჯავახკი.
აშუღი აღფრთოვანებული და მადლიერია სომხური თემის, სალონიკის ეკლესიის სურბ ასტვაწაცინის სასულიერო პირის მამა სტეპანოს ფაშაიანის დახვედრით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იყო.
„სალონიკის სომხური სათვისტომო, წმინდა ასტვაწაცინის ეკლესიის მღვდელი მოვიდა ჩვენთან შესახვედრად, ავაგიანთა ოჯახი კატარინიდან. ყველა აღფრთოვანებული იყო სუიტით, იარხუშტათი, ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული. ფესტივალის ორგანიზატორებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იქ კარგად გვეგრძნო თავი, რაც ასევე მოწმობდა სომხების და ბერძნების მეგობრობას“.
ფესტივალში 7 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ იყო ქვეყნები, საიდანაც ორ-ორი კოლექტივი ჩამოვიდა.
ანსამბლ „ჯავახკის“ ყველა წევრს გადაეცა სერტიფიკატი, ასევე ინდივიდუალური ჯილდოები.
აშუღ ალიკ ჯავახკი ამბობს, რომ მათი გამოსვლების ნახვის შემდეგ 4 ქვეყნიდან მიიღეს მიწვევა: საფრანგეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან და თურქეთიდან.
მან მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი მერს მელქონ მაკარიანს, რომელიც ცდილობდა ყველაფერში დახმარებოდა ანსამბლს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ფესტივალში მონაწილეობისთვის 2500 ლარი გამოყო, დანარჩენი თანხა კი კონცერტიდან „შენთვის, ჯავახკ“ გამოიყო, ასევე დაეხმარნენ ბავშვების მშობლებიც .