დღეს, 9 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის“ მარკის სატვირთო ხევში გადავარდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ავრცელებს რეგიონალური პორტალი sknews.ge
სოფლის დეპუტატის, მამუკა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა.
„კამაზის მარკის სატვირთო მანქანა ნაშალ მასალას ცლიდა. ჩამოცურდა მანქანა და ჩავარდა ხევში. მძღოლი გარდაიცვალა“,–ამბობს იგი.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, რელიეფის სირთულის გამო, ხევში გადავარდნილ სატვირთომდე ჩასვლა სპეცტექნიკის გარეშე ვერ ხერხდება.
მომხდარზე რედაქცია მეტი ინფორმაციის გარკვევას შსს–გან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ცდილობს.