2 დღის განმავლობაში, 4-5 აგვისტოს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა.
4 და 5 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჩატარებული 17 „სწრაფი“ ტესტიდან 4 დადებითი აღმოჩნდა. 3 შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ხოსპიოს მცხოვრებთა შორის. 1 შემთხვევა არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სადგურის თანამშრომელი. სადგურის თანამშრომლები ტესტს ორშაბათს გაიკეთებენ.
ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ და სახლში მკურნალობენ. ამჟამინდელი რეკომენდაციით, ინფიცირებული იზოლირებულია 5 დღით, მე-6 დღეს იკეთებს მეორე ტესტს (უფასო) და თუ ვირუსი არ დადასტურდა, შეუძლია დატოვოს იზოლაცია, მაგრამ კიდევ 5 დღე უნდა ატაროს ნიღაბი.
ორშაბათიდან სამუშაოს დასაწყებად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელი ტესტირებას ხვალ გაივლის. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები, გარდა N2-ისა, შვებულებაში 2 ივლისიდან გავიდნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ახალქალაქში ეპიდემიოლოგიური ვითარება ფასდება, როგორც მშვიდი.