„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ უკიდურესად მცირეა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ“.
როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განუცხადა, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე.
„31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ.