2019-2020 წლებში ახალქალაქი-ნინოწმინდის რეაბილიტირებულ გზაზე ორმოები გაჩნდა, რომლის შეკეთება სამშენებლო კომპანიას საგარანტიო ვადაში მოუწია. კომპანია Jnews-ს არაერთხელ განუცხადეს, რომ საგარანტიო ვადაში გამოასწორებდნენ პრობლემებს, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ვადა 4 დღეში იწურება, სამუშაოები კი ჯერ არ ჩატარებულა.
ახალციხე-ნინოწმინდის გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც ახალქალაქის აღმაშენებლის ქუჩა მდებარეობს, 2019-2020 წლებში გარემონტდა. რეაბილიტაციის დასრულებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აღმაშენებლის ქუჩაზე ორმოები გაჩნდა, რაც საგრძნობლად აფერხებს მოძრაობას. ვინაიდან ამ სამუშაოს საგარანტიო ვადა ჯერ არ გასულა, კომპანია ვალდებულია დამატებითი დაფინანსების გარეშე მოაგვაროს პრობლემა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 70-დან კმ 86-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 14 749 992,92 ლარის ოდენობით კომპანია “საგზაო სამშენებლო-სამმართველო 1”-მა მოიგო. გზის რეკონსტრუქცია ქვეკონტრაქტორმა “ჯავახ ავტო გზამ” განახორციელა.
როგორც “საგზაო სამშენებლო-სამმართველო 1 კომპანიის დირექტორმა Jnews-თან საუბარში განაცხადა, პრობლემები შესაბამის ვადებში აღმოიფხვრება, თუმცა კონკრეტულად როდის, ვერ ამბობს და გვირჩია კომპანია “ჯავახავტოგზის” ხელმძღვანელ ნოდარ ინასარიძესთვის მიგვემართა. თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის ტელეფონს თიშავს.
მოგვარდება თუ არა პრობლემა საგარანტიო პერიოდში, ან იქნება თუ არა ის ჩართული ცალკე ორმოების შეკეთებაში, ჯერ კიდევ უცნობია.