საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, როცა ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს აცხადებს, მაგრამ იმავდროულად ამისთვის ძალისხმევას არ იყენებს, „ორმაგ თამაშს“ თამაშობს.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტარების დელეგაცია – „იგივე კომიტეტი, რომელიც მუშაობს საქართველოზე“.
„ამ დროს, რაღაც წარმოუდგენელი ხდება, პრესის მომხსენებლები ბრიუსელში და ვაშინგტონში ერთდროულად გვეუბნებიან, რომ ვისწავლოთ როგორ მოვიქცეთ“, – გაიხსენა პრეზიდენტმა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების რეაქცია ამერიკის ელჩის კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკაზე, რომელმაც საქართველოში თავისი მისია დაასრულა.
ზურაბიშვილმა ჩამოთვალა, რა შეიძლება იყოს, მისი აზრით, იმის მიზეზი, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი:
„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რომელიც გადაიდგა ჩვენ მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, სწორედ იმ კომიტეტის, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.
მთელი რიგი ნაბიჯები, იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები – სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, ინსპექტორის გაუქმება, ესეც ნაჩქარევი წესით. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულ იქნა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან. და ამასთან ერთად, არის წარმოუდგენელი რიტორიკა, ანუ გვესმის გაუთავებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.
„დღესაც როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.