სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლისკენ მიმავალი სოფლის გზის მოასფალტებაზე ელექტრონული ტენდერი ჩატარდა და ახლა შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ელექტრონული ტენდერის საწყისი თანხა 25 000 ლარი იყო, შპს „არომ“ 24 074 ლარით მოიგო.
ფაქტია, რომ სოფელში სკოლამდე მიმავალი ორი გზაა, ერთი გზა უკვე მოასფალტებულია, სოფლის მთავარი გზის გაგრძელებაა, მეორე – სოფლის სასაფლაოსთან იწყება, საიდანაც სოფლის სკოლის მოსწავლეების უმეტესობა დადის, მაგრამ ის ძირითადად გაუვალი და ჭუჭყით არის დაფარული.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობამ ეს საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამოჭრა.
„სოფელი დიდია, ბავშვები სკოლაში ორივე გზით დადიან, ერთი გზა მოასფალტირებულია და მეორე არა, მაგრამ უფრო მოსახერხებელი და მოკლეა. საარჩევნო კამპანიის დროს სოფლის მცხოვრებლები ითხოვდნენ ბავშვებისთვის სკოლაში მისვლის გამარტივებას. წვიმების, თოვლის დნობის დროს, გაზაფხულზე ეს ნაწილი ბავშვებისთვის გაუვალი ხდება და ამ გზის გვერდის ავლა ბავშვებს გზას საგრძნობლად უგრძელებს.
ელექტრონული ტენდერის შეფასების ეტაპის დასრულებისთანავე გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.