ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომავლის სახლი უკვე 15 წელია არსებობს. წლების განმავლობაში ბავშვების ნაკადი და ხელსაქმის მიმართ მათი ინტერესი არ იკლებს. აქ, ჩამოდიან სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები, ნიჭიერი თინეიჯერები, რომელთა ხელნაკეთობას ნებისმიერის გახარება შეუძლია.
„ამჟამად 180 მოსწავლე გვყავს, ბავშვების ნაკადი წლების განმავლობაში იმატებს, სასიხარულოა, რომ ბავშვები ნებაყოფლობით ესწრებიან გაკვეთილებს და სიყვარულით მონაწილეობენ“, – ამბობს მომავლის სახლის დირექტორი სათენიკ მაიტესიანი.
აქ ბავშვები სწავლობენ ინგლისურს, ფრანგულს, სომხურს, ქართულს და რუსულს. სათენიკ მაიტესიანის თქმით, ისინი აბარებენ გამოცდებს, რომლის შედეგების მიხედვითაც საუკეთესოები იღებენ სერთიფიკატს, მიზანი ერთია: განათლების დონის ამაღლება.
განუმეორებელი სილამაზის ნამუშევრები აქვთ ბავშვებს ხელსაქმის, ქარგვის, თუ თოჯინების კეთების წრეებზე. თოჯინები ეროვნულ კოსტიუმ-ტარაზებში და მძივებით მორთული პეიზაჟები “მომავლის სახლში” ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან.
„დღეს ბავშვები გამუდმებით სხედან ტელეფონში, მაგრამ თუ ბავშვის მიმართ ინტერესს გამოიწვევთ, მას მხოლოდ ტელეფონი აღარ გაიტაცებს, არამედ სხვა რამეს მიაქცევს ყურადღებას“, – ამბობს სათენიკ მაიტესიანი.
ბავშვების ხელნაკეთობები წარმოდგენილია სხვადასხვა გამოფენებზე. მომავლის სახლის მოსწავლეები ფილმებსაც იღებენ. სულ ახლახან ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ კონკურსში – „ჩემი ხალხის მუსიკა, როგორც ეროვნული საგანძური“, რომელიც მოსკოვში გაიმართა. მათ მიერ სომხურ და ქართულ ენებზე წარმოდგენილი მუსიკალური ვიდეო დიპლომებით დაჯილდოვდა.