მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველოს სევდიანი არის“ ლაურეატების გალა კონცერტზე ახალქალაქის სამუსიკო სკოლის გუნდმა და მოსწავლემ პრიზები მოიპოვეს.
მარნეულში გამართულ კონკურს-ფესტივალზე მე-3, საპატიო ადგილი დაიკავა ახალქალაქის სამუსიკო სკოლის გუნდის უფროსმა ჯგუფმა, პედაგოგ მირა აივაზიანის ხელმძღვანელობით. ასევე, ახალქალაქის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანგელა ასტვაცატურიანმა, ნომინაციაში “სოლო სიმღერა” საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა.
“ეს ლაურეატების გალა კონცერტი იყო, სადაც ქართული სიმღერის კონკურსის, “სხვა საქართველო სად არის?” ყველა გამარჯვებული მონაწილეობდა. ჩვენც მიგვიწვიეს. ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა ბავშვებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს”, – ამბობს მუსიკალური სკოლის დირექტორი სვეტლანა კაროიანი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო ქართლის რეგიონალური ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზაცია “დემოსმა” ერთი წლის წინ კონკურს-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის?” გამართა.
აღსანიშნავია, რომ “სხვა საქართველო სად არის?” ქვემო ქართლის რეგიონში უკვე მესამე წელია იმართება. ღონისძიების ფარგლებში ცნობილი ქართველი არტისტები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მასტერ-კლასებს ატარებენ. ფესტივალის მიზანია – ტრადიციული ქართული სიმღერების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაში თანამონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუსიკალური სკოლაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს, მაგრამ შესაძლებლობები და სკოლის პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება. საბჭოთა პერიოდის სკოლა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ადგილ-ადგილ სკოლის შენობას დანგრევისგან ხის კოჭები იცავს. ეს ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება არ არის, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. საშინელ მდგომარეობაშია ახალქალაქის კულტურის სახლი. ადგილობრივ ხელისუფლებას რემონტისთვის ფული არ ჰყოფნის, ხელისუფლება კი ყურადღებას არ იჩენს.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ სკოლაში 161 ბავშვი სწავლობს.
ახალქალაქის მუსიკალური სკოლა რემონტის მოლოდინში