ახალქალაქის მერიაში, 21 ივნისის სეტყვისა და ქარისგან დაზარალებული მოქალაქეებისგან დღემდე 40-მდე განცხადება შევიდა. როგორც მერიაში აცხადებენ, ყველა განცხადება განიხილება და თითოეულზე ცალკე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა მერიას მხოლოდ დაზიანებული სახურავებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენაში შეუძლია დახმარება, დაზიანებული მანქანებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზარალს მერია ვერ ანაზღაურებს.
განცხადებების უმეტესობა მერიაში ახალქალაქის მცხოვრებლებისგან შევიდა.
მერის მელკონ მაკარიანის თქმით, 21 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით შეიქმნა ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც ყველა განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
“დღეს ჩვენი პირველი სამუშაო ვიტი იყო სეტყვისგან დაზარალებულებთან. კომისია ადგილზე გაეცნობა პრობლემას, ამის შემდეგ გამოვიტანთ გადაწყვეტილებას ვის და რა ოდენობის თანხით შევძლებთ დავეხმაროთ. ჩვენ მხოლოდ მათი დახმარება შეგვიძლია, ვისაც სტიქიამ სახლის სახურავი დაუზიანა. ან გზა დაზიანდა, ხოლო ვისაც მანქანა დაუზიანდა და მოსავალი, მათი დახმარება არ შეგვიძლია. მუნიციპალიტეტს დღეს, მხოლოდ ამ საკითხების მოგვარების უფლებამოსილება აქვს”, – განაცხადა მელკონ მაკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა სეტყვამ, რომელიც 21 ივნისის საღამოს, ახალქალაქსა და ახლო მდებარე სოფლებში 2-3 წუთის განმავლობაში მოდიოდა, ზარალი მიაყენა ქალაქს და ახლო მდებარე სოფლებს. სეტყვის სიდიდე დაახლოებით 3-4 სმ-ი, ზოგან კი უფრო მეტი იყო. სეტყვამ ბევრი ავტომობილი დააზიანა, მიწასთან გაასწორა კარტოფილისა და მარცვლეულის მინდვრები, ასევე დააზიანა მსხმოიარე ხეები, ბახჩეული კულტურები და ბოსტნები.