დღეს, 9 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთისა და ბურნაშეთის მოსახლეობამ მთის მდელოებიდან ცხვრის დიდი ფარის გარეკვა სცადა, რომელიც 2-3 დღის წინ ჩამოიყვანეს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორიები მათთვის სათიბად არის გამოყოფილი. მწყემსებთან მოლაპარაკების ბოლოს ორივე მხარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მწყემსები ფარას გაიყვანენ, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.

სოფელ აზავრეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაადგილობრივი მწყემსები (ადგილობრივები მათ თურქებს ეძახიან) უკვე მესამე დღეა უკანონოდ აძოვებენ ცხვრებს თივის მოსაყვან მდელოებზე. საგარეჯოელმა მწყემსმა, მაჯიდ ალიევმა საკუთარი 4000 ცხვარი და მიწის დამქირავებლის ცხვარი საძოვრად ჩამოიყვანა. მისი თქმით, ვინმე რამაზმა 750 ჰექტარი მიწა 5 წლით იქირავა და საბუთებიც აქვს.

აზავრეთელების თქმით, ამ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის 8 სოფლის სათიბია. ამ უბანში, რომელსაც სოფლის მოსახლეობა „ჯერულს“ ეძახის, სოფლების: გოდოლარის, აზავრეთის, ლომატურცხის, ბურნაშეთის, ბუღაშენის, თირქნას და ბალხოს მოსახლეობა თივას თიბავს… მათ პირუტყვი აქ სპეციალურად ჩამოჰყავთ, რომ თივა აგვისტოში ზამთრისთვის მოიმარაგონ. 2-3 დღის წინ შემოყვანილმა ცხვრის დიდმა ფარამ კი, ბალახი ძალიან გააფუჭა.

yayla3

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, გარდა იმისა, რომ ჩამოსულმა მწყემსებმა მდელო გააფუჭეს, ცხვრების წყლით მომარაგებისთვის სოფლის წყალგაყვანილობის მილები დახვრიტეს, რომელიც საბავშვო ბაღს ამარაგებს. მოსახლეობამ მწყემსებს ტერიტორიის დატოვება და ცხვრის გაყვანა მოსთხოვა.

yayla1

აზავრეთისა და ბურნაშეთის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდა. მათივე ინფორმაციით, სიტუაციის გასარკვევად სოფელ აზავრეთის მერის წარმომადგენელი ახალქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაყვანად წავიდა.

ხანგრძლივი კამათის შემდეგ მაჯიდ ალიევმა მოიტანა და აჩვენა იჯარის დოკუმენტის ასლი. სიტუაციის გასარკვევად მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტაციის შესწავლისას თქვეს, რომ იჯარით აღებული ტერიტორია ბორჯომის მუნიციპალიტეტშია, ხოლო ეს ტერიტორია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა.

yayla2

პოლიციელის თქმით, მწყემსები დანიშნულების ადგილს 2 კმ-ით აცდნენ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მდელოებში შევიდნენ. შედეგად, გადაწყდა, რომ მწყემსები ცხვრებს გაიყვანენ. თუმცა დამქირავებელმა, რომელსაც მაჯიდ ალიევი ტელეფონით ესაუბრა, მწყემსს უთხრა, რომ დაეოლოდოს, სანამ იჯარით აღებული და დაკავებული ტერიტორიის ზუსტი ადგილი არ გაირკვევა.

ჟურნალისტების წასვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, მათ განმუხტეს სიტუაცია და მეცხვარეებმა ცხვარი ახალქალაქის მდელოებიდან გაიყვანეს.

Jnews-ი შეეცდება გაარკვიოს, როგორ მოგვარდა საკითხი, რაში მდგომარეობდა დაპირისპირების მიზეზი,.