დღეს, 9 ივნისს, ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის მე-3 საჯარო სკოლაში ახალი საგზაო მონიშვნა – ზებრა გადასასვლელი გამოჩნდა, რომელიც თავად ამ სკოლის მოსწავლეებმა დახატეს. აქტივობა სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
11:30 საათზე მე-3 საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზა, სადაც იმავე სკოლის მოსწავლეებს მონიშვნები უნდა გაეკეთებინათ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადაკეტა, ადგილზე იმყოფებოდნენ სკოლის მასწავლებლებიც და მანდატურებიც. ღია მწვანე სპეციალური ჟილეტებით გამოწყობილმა ბავშვებმა დაიწყეს მუშაობა. პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარა. ახალქალაქის სერვისცენტრმა უზრუნველყო მონიშვნებისთვის მაკეტები, ასევე წინასწარ გაასუფთავეს ის ადგილი, სადაც სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო. გზაზე საკმაოდ სწრაფად გაჩნდა მონიშვნები და ფერადი პეპლები, ბავშვები სამუშაოს შემოქმედებითად მიუდგნენ და დაგეგმილს საკუთარი დეტალები შეჰმატეს.
სამოქალაქო განათლების ეს პროგრამა სკოლამ საქართველოს საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობით განახორციელა.
PH International-ის ოფისი საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო სამართალდამცავი ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას „სათემო პოლიცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. პროგრამა ითვალისწინებს პოლიციელების გადამზადებას სკოლებში იურიდიული კულტურის მასწავლებლებთან ერთად, ასევე სასკოლო პროექტების განხორციელებას პოლიციელების მონაწილეობით.
„თავიდან ჩატარდა გაკვეთილები. საპატრულო პოლიციამ უსაფრთხო მოძრაობის წესები განმარტა. შემდეგ გადავწყვიტეთ პროგრამის ფარგლებში გაგვეკეთებინა სასკოლო პროექტი. გადაწყდა მონიშვნის გაკეთება, მრავალფეროვანი პეპლებით. გადაწყდა მარკირების გაკეთება, რათა ბავშვებმა ქუჩაში უსაფრთხოდ იარონ. ზოგადად, სამოქალაქო განათლების როლი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებმა იცოდნენ საგზაო მოძრაობის წესები, გაეცნონ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს“, – ამბობს სკოლის მასწავლებელი, ჟანა ხაჩატურიანი.
პროექტის განსახორციელებლად მე-9 და მე-10 კლასების ბავშვები ჩაერთვნენ. ბოლოს მათ ასევე შეუერთდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე ტროტუარზე პეპლები დახატეს.