გასაშლელი სცენა ღონისძიებებისთვის, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) პროგრამის ფარგლებში 2020 წელს შეიძინა, არასდროს გამოუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, ქალაქში, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
წელს საჯარო ღონისძიებებზე შეზღუდვა არ არის და რამდენიმე ღონისძიება ახალქალაქში ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა. 1 თვის განმავლობაში 5 დღესასწაული გაიმართა ცეკვებით, სიმღერებითა და წარმოდგენებით: ცეკვის საერთაშორისო დღე, ოჯახის დღე, ეროვნული სამოსის დღე, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მაგრამ სცენა არც ერთხელ არ გამოუყენებიათ.
მუნიციპალიტეტს ყოველთვის უნდოდა სცენის შეძენა, მაგრამ რადგან ძვირი იყო, ვერ ყიდულობდა. ხოლო 2019 წელს, როდესაც LAG-მა დააფინანსა პროექტები, მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა კონკურსში და დიდი ხნის ნანატრი სცენა მოიპოვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, დასაშლელი სცენა მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს, საქართველოს ეპარქიასთან არსებული მუზეუმის ახალ საგამოფენო დარბაზში გამართულ კონცერტზე.
„ 26 მაისს გვინდოდა გამოყენება, მაგრამ ორგანიზატორებმა თვითონ ჩამოიტანეს თბილისიდან. სხვა ღონისძიებები, რაც გაიმართა, არ არის მონუმენტური, ბოლო დროს 4 ღონისძიება იყო. მონუმენტური დღესასწაულია- ჯივანი და ახალქალაქის დღე. ახალქალაქის დღესთან დაკავშირებით აუცილებლად დავამონტაჟებთ. ტრანსპორტირება და აწყობა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება. გადავწყვიტეთ ოჯახის დღეს დაგვემონტაჟებინა, თუმცა კულტურის სახლიდან პარკში ტრანსპორტირებისთვის წარმოუდგენელი თანხა მოითხოვეს და უარი ვუთხარით, სტრუქტურის აწყობაც გვჭირდება“, – თქვა ვალერი სტელმაშოვმა.
სცენის ნაწილები კულტურის სახლის ფოიეშია.
ალუმინი-ლითონის კონსტრუქციის სცენის ფართობია 80 კვ/მ და შედგება 40 ნაწილისგან, თითოეული 2 კვ/მ. სცენის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია 1,5-დან 1,10 მ-მდე, კომპლექტში ასევე შედის ორი მობილური კიბე. სცენა იშლება, მაგრამ სახურავის გარეშეა. სცენა შეიძლება აიწყოს, როგორც კვადრატული, ასევე მრგვალი ფორმით. ევროკავშირის პროექტი 133 672 ლარს შეადგენდა, საიდანაც 62 281 ლარი იყო ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG) გრანტი, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტმა თვითდაფინანსების სახით ჩადო. ამ თანხით მუნიციპალიტეტმა სცენის გარდა მუსიკალური ინსტრუმენტებიც შეიძინა.
ახალქალაქს ღონისძიებებისთვის გასაშლელი სცენა ექნება