როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალქალაქიდან თბილისამდე და საპირისპირო მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური 3 ლარით გაგაძვირდა და ახლა, მგზავრები 20 ლარს იხდიან. პრობლემა მხოლოდ ფასების მატებაში არ არის, მძღოლები თბილისში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით აღარ მიდიან, რასაც მგზავრების სიმცირით ხსნიან.
ახალქალაქიდან თბილისში ტრანსპორტირება დღეში სამჯერ, დილის 07:00 საათზე, 09:00 საათზე და 15:00 საათზე ხორციელდება, დედაქალაქიდან კი დილის 08:00 საათზე, 13:00 საათზე და საღამოს 17:00 საათზე ბრუნდება.
თუ ახალქალაქიდან ტრანსპორტი თბილისში დილის 07:00 საათზე გადის, თბილისიდან ბრუნდება 13:00 საათზე. ახალქალაქიდან 09:00 საათზე გამგზავრებული ტრანსპორტი მგზავრებს თბილისიდან 17:00 საათზე აბრუნებს.
მაგრამ ძალიან ხშირად, მაგალითად, გუშინ 09:00 საათზე ტრანსპორტი თბილისში არ წავიდა, რადგან მგზავრები ცოტა იყო, ამიტომ 17:00 საათიანი რეისით თბილისიდან დაბრუნებულები დედაქალაქში დარჩნენ. თბილისიდან ახალციხეში მოუწიათ გამგზავრება, შემდეგ ახალციხიდან ახალქალაქში.
Jnews-ის ჟურნალიტები ახალქალაქის ავტოსადგურს გუშინ ვესტუმრეთ, მაგრამ ავტოსადგურის ხელმძღვანელობა ადგილზე არ დაგვხვდა. თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ტრანსპორტირების ღირებულება 3 ლარით გაიზარდა და ასევე, 09:00 საათზე რეისი არ გასულა, რადგან მგზავრი ცოტა იყო. ავტოსადგურის თანამშრომლის თქმით, მძღოლს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება აქვს, რადგან საწვავის ხარჯს თავად ფარავს.
მძღოლი ლევან მიქელაძე, რომელიც ახალქალაქიდან თბილისისკენ ყოველთვის დილის 07:00 საათზე მიდის, ამბობს:
„მიზეზი საწვავის გაძვირებაშია, ხალხი არ ატარებს მანქანებს, ეს წამგებიანია. რაც შეეხება განრიგის მიხედვით მოძრაობას, უნდა ითქვას, რომ მძღოლები ვალდებულნი არიან დანიშნულ დროს დატოვონ ქალაქი. ჩემთან არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ წავსულიყავი, სხვებზე ვერაფერს ვიტყვი“.
ახალქალაქი-თბილისის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ მგზავრები მკვეთრად შემცირდა. გრიშა წურწუმია, რომელაც მგზავრები ახალქალაქიდან თბილისში 21 წელია გადაჰყავს, ამბობს, რომ არ ახსოვს ბოლოს, როდის იყო მის მანქანაში ყველა ადგილი დაკავებული.
„ახლა მგზავრები არ არიან, ჩვენი ავტოსადგური ჩერნობილს ჰგავს, სუნთქვა აღარ შეიძლება, მხოლოდ ქარი უბერავს, ფოთლები ცვივა. არც კი მახსოვს ბოლოს როდის იყო 18 ადგილიანი მიკროავტობუსი მთლიანად სავსე. რატომ არის 07:00 საათის რეისი ყოველთვის სავსე მგზავრებით? იმის გამო, რომ ადამიანებს თბილისში ადრე უნდათ ჩასვლა, საქმეები 13:00 საათამდე დაასრულონ, რათა ამ დროს გამგზავრებული რეისით დაბრუნდნენ. ამიტომ 17:00 საათზე გამავალი მანქანები არარეგულარული განრიგით გადიან“.
გრიშას გათვლებით, მძღოლი მარტო დიზელის საწვავზე 180 ლარს ხარჯავს, რაც 9 მგზავრის ღირებულებას შეადგენს. მგზავრების რაოდენობის შესაბამისად მძღოლი ვალდებულია 25% თბილისის ავტოსადგურს გადაუხადოს, ხოლო 20% ახალქალაქისას.
მგზავრები სწუხან, რომ ავტოსადგურამდე მიდიან და უკან ბრუნდებიან, რადგან ცოტა მგზავრის გამო, მძღოლები თბილისში აღარ მიდიან და რეისს აუქმებენ.
„არაერთხელ ყოფილა, რომ 09:00 საათზე ავტოსადგურში წავედი, ორი-სამი მგზავრი იყო და მძღოლი არ წავიდა. იძულებული ვიყავით ახალციხეში ან ხაშურში წავსულიყავით, რომ, როგორმე თბილისში ჩავსულიყავით. თუ ძალიან სასწრაფო საქმე არ მაქვს, მეორე დღეს მივდივარ ხოლმე, ”- ამბობს არმენი.
ამის მიუხედავად, გრიშა აღნიშნავს, რომ თუნდაც ორი მგზავრი იყოს, მძღოლი ვალდებულია დანიშნულ დროს გადავიდეს.
„ორი მგზავრიც რომ იყოს, მძღოლი უნდა გავიდეს. იყო შემთხვევა, როცა ერთი მგზავრი მყავდა და წავსულვარ. საქმე იმაშია, რომ ყველას ეს ხაზი უნდა, ამიტომაც ხდება ასე. არიან ადამიანები, რომლებსაც თვეში ორი რეისი აქვთ, ამიტომ მათთვის მომგებიანი არ არის, მით უმეტეს, თუ მგზავრი ცოტაა, არ მიდიან. ისინი არ ფიქრობენ, რომ ხალხი ელოდება. მძღოლი, რომელსაც თვეში 8 ან 9 დღე აქვს, ერთი მგზავრიც რომ ჰყავდეს, გავა, რადგან მგზავრი ხან ბევრია, ხან ცოტა, ერთი რეისი მეორეს დაფარავს. თუ მძღოლი შემოდის ხაზზე, ის უნდა გადავიდეს მითითებულ დროს. ”
სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ზოგჯერ მძღოლები მითითებულ დროს არ მოძრაობენ, აჩქარებენ მგზავრებს, რადგან მათთვის ხელსაყრელ დროს სურთ წასვლა.
პრობლემა მძღოლებსც და მგზავრებსაც თანაბრად აწუხებთ, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.