გასაშლელი სცენა, რომელიც კულტურული, საზოგადოებრივი და სხვადასხვა ღონისძიებებისათვის გამოიყენება, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG)-ისა და ევროსაბჭოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, დღეს, ახალქალაქს გადაეცა.

მეტალო-ალუმინის კონსტრუქციის სცენა 80კვ.მ. ფართობით 40 ნაწილისგან შედგება, თითოეული 2კვ.მ. სცენის სიმაღლის რეგულირება 1.5-დან 1.10 მ-მდეა შესაძლებელი. კომპლექტში არის ასევე ორი მოძრავი კიბე. სცენა ასაწყობია, თუმცა გადახურვის გარეშე. სცენის აწყობა როგორც წრის, ასევე ოთხკუთხედის ფორმით არის შესაძლებელი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, ახალქალაქს ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა მუნიციპალიტეტს სცენის შესაძენად ფინანსები არ ჰყოფნიდა. მათ სცენა ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG)-ის ერთობლივი პროექტით შეიძინეს.

“მრავალი წელია ასეთი სცენა გვინდა, მაგრამ ფინანსების გამო არ შეგვეძლო. ქალაქის დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საახალწლო დღესასწაულებს და სხვა ღონისძიებებს ასფალტზე ვატარებდით, ეს კი მოუხერხებელი იყო და მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. ახლა თანამედროვე სცენა გვაქვს. მადლობა მათ, ვინც დაწერა, და მადლობა LAG-ს”,- თქვა ვალერი სტელმაშოვმა.

სცენის შეძენის ტენდერი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად ხელი შეუშალა კორონავირუსმა, რომლის ეპიდემიის დროსაც ლარის კურსი დაეცა და მერიამ სცენის შეძენა ვერ მოახერხა. მეორედ ტენდერი 71 992 ლარით კომპანია “ООО BS METAL GROUP”-მა მოიგო, ხოლო 17 946 ლარით, მუნიციპალიტეტი მუსიკალურ მოწყობილობას შეიძენს, რადგან სცენის შეძენისათვის გამოყოფილი საერთო თანხა 111 301 ლარს შეადგენს.