ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ორმოების შეკეთების სამუშაოების განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერი გაიმართა, რომელიც უკვე მესამედ ცხადდება.
კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია, “ ჯავახავტოგზა” მონაწილეობს, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში პირველივე ჯერზე 300 000 ლარით გაიმარჯვა. შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
კომპანიის დირექტორი, ნოდარ ინასარიძე ჯერჯერობით ვერ ამბობს, როდის დაიწყება ორმოების შეკეთების სამუშაოები, რადგან შეფასების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორმოების შეკეთების პირველი ელექტრონული ტენდერი 22 თებერვალს გამოცხადდა, რომელსაც ვადა 25 მარტს ამოეწურა, თუმცა მონაწილეთა სიმცირის გამო არ შედგა. ქალაქის ქუჩებში ორმოების შეკეთებაზე ელექტრონული ტენდერი 200 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა.
25 მარტს ახალქალაქის მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორმოების შეკეთება უნდა განხორციელდეს ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩებსა და სოფლებში. ტენდერი ამჯერად 300 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა. ამჯერად კი ელექტრონული კონკურსი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა.
6 მაისს მუნიციპალიტეტმა მესამედ გამოაცხადა ტენდერი, თანხა უცვლელი დარჩა და 300 000 ლარი შეადგინა.
Jnews-ი დაუკავშირდა კომპანია “ჯავახავტოგზას” იმის გასარკვევად, თუ რატომ არ მონაწილეობდა კომპანია პირველ ტენდერებში. კომპანიის დირექტორი, ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა ცოტაა.