რუსები უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ. გამთენიისას სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კიევის, დარნიცისა და დნეპროვსკის რაიონებში, ასევე ბროვარის რაიონის მახლობლად. კიევის მერის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმები კასპიის ზღვის აკვატორიიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა განახორციელეს. დაიბომბა ქალაქი კრამატორსკი, სადაც ორი საწარმოა განადგურებული. გასულ ღამეს დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა. გენშტაბის ინფორმაციით, კვლავ გრძელდება ხარკოვის რაიონის დაბომბვა, მათ შორის ფოსფორის ჭურვების გამოყენებით. გასულ ღამეს, რაიონის დაბომბვის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. საბრძოლო მოქმედებები ძირითადად კვლავ აღმოსავლეთ ზონაში მიმდინარეობს. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლებია ქალაქ სევეროდონეცკში. გასულ ღამეს უკრაინელმა სამედროებმა სევეროდონეცკში კონტრშეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, ქალაქის ნახევარზე კონტროლის დაბრუნება შეძლეს. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ავდეევკაში, თუმცა უკრაინელები პოზიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებენ. ბრძოლები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის და სლობოჟანსკის მიმართულებითაც.