საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამის შესახებ საქარველოს პირველი არხის ჟურნალისტი კლინიკის ტერიტორიიდან იტყობინება. „ვივამედთან“ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ჰოსპიტალში მზად არის პალატა, რომელშიც სააკაშვილს მოათავსებენ.

ცნობისთვის, 10 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. საკითხთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საშუალებით განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმაც, სადაც აღნიშნა, რომ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობას აყენებს. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც და სააკაშვილს მოუწოდა, ესარგებლა შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.