შვიდი საჰაერო იერიში ოდესაზე ერთ დღეში. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. განადგურებულია სავაჭრო ცენტრი და პროდუქტების საწყობი, ასევე ორი სასტუმრო.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა ოდესაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის დროს მოხდა. გვიან ღამით დაიბომბა სუმის ოლქიც.

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში შეტაკებები შეწყდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკთან. სწორედ იზიუმში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

ხარკოვის ადმინისტრაციის ცნობით, კორპუსი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაინგრა. კვლავ იბომბება მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანა. ამასთან, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მეტალურგიულ ქარხანაში უკრაინელ მებრძოლებთან ერთად, ამ დრომდე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება.