ახალქალაქის მერიამ უკვე მესამედ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ახალქალაქსა და უნიციპალიტეტის სოფლებში, ასფალტიან გზებზე ორმოების და ღრმულების შეკეთებაზე. მონაწილეთა სიმცირის გამო კონკურსი ორჯერ ჩავარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ორმოების რემონტზე პირველი ელექტრონული ტენდერი 22 თებერვალს გამოაცხადა, რომელსაც ვადა 25 მარტს ამოეწურა, თუმცა პრეტენდენტების უქონლობის გამო, არ შედგა. ქალაქის ქუჩებში ორმოების შეკეთებაზე ელექტრონული ტენდერი 200 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა.
25 მარტს, ახალქალაქის მერიამ მეორედ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გზებზე ორმოები უნდა შეკეთდეს. სატენდერო თანხა ამჯერად 300 000 ლარს შეადგენს. ელექტრონულ კონკურსში მონაწილეთა სიმცირის გამო, ტენდერი არ შედგა.
6 მაისს მერიამ მესამედ გამოაცხადა ტენდერი, თანხა უცვლელი დარჩა და 300 000 ლარი შეადგინა.
ჯერ კიდევ უცნობია, ტენდერი ჩატარდება თუ ახალქალაქის გზები ავარიულ მდგომარეობაში დარჩება.