თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გადატანას აპროტესტებენ. მიზეზი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო, თბილისში ბინების ქირის გაძვირებაა.
სტუდენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ბინებს ვერ ქირაობენ
აქცია თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა. სტუდენტების ნაწილი აქციაზე საკუთარი სამგზავრო ჩანთებით მივიდა, ამგვარად, გამოხატეს პროტესტი “ქუჩაში ღამის გათევის” წინააღმდეგ. ხოლო სტუდენტები, რომლებიც რაიონებში იმყოფებიან, საპროტესტო აქციას ონლაინ შეუერთდნენ ზუმ-პლატფორმით.
შეგახსენებთ, რომ თსუ-მ ონლაინ ლექციები შეწყვიტა და სტუდენტებისგან აუდიტორიებში დაბრუნებას მოითხოვს. სტუდენტების უმრავლესობისთვის, სემესტრის დასრულებამდე დარჩენილი, რამდენიმე კვირა მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული. მათ დასარჩენი ადგილი არ აქვთ, შესაბამისად ვერ დაუბრუნდებიან აუდიტორიებს სწავლის გასაგრძელებლად.
Jnews-სთან საუბრისას ანა ფანჩულიძემ განაცხადა: “ამ 5 კვირის გამო, სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან ლექციებს აუდიტორიებში, შესაძლოა დამატებითი სემესტრი დაუნიშნონ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული, ეს კი აბსურდულია. განათლების უფლება ყველას აქვს – ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. თუ ერთი სტუდენტიც კი ვერ დაასრულებს სემესტრს, ვერ მიიღებს სრულყოფილ განათლებას ამ 5 კვირის გამო, ეს იქნება უნივერსიტეტის ბრალი”.
მოგვიანებით, პროტესტის ნიშნად სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ მათი აქციის ძალის გამოყენებით დაშლა სურდათ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მოთხოვნაა არა ის, რომ სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს, არამედ ის, რომ დარჩენილი სემესტრი, ანუ 5 კვირა, ჰიბრიდული ფორმატით დაასრულონ, რათა მიეცეთ შესაძლებლობა თავად გააკეთონ არჩევანი ონალაინსწავლებასა და აუდიტორიაში დასწრებას შორის. მაგრამ უნივერსიტეტს არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, ამის ნაცვლად, უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებში განთავსებას სთავაზობს.
თსუ-ს 2 სტუდქალაქი აქვს: 320 ადგილი ლისზე და 396 ადგილი ბაგებში. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი, თეა ამბობს, ლისზე ადგილები მალე შეივსო, ხოლო ბაგებში არსებულ საერთო საცხოვრებელში ღამის გასათევად ნორმალური პირობები არ არის.
თსუ-ს მიერ გავრლეცელებულ განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე გადასვლით.