მინდა, ჩემს ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა და განვუმარტო, მთელი ეს აჟიოტაჟი, სკანდალი და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში მას შემდეგ დაიწყო მთელი ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი“.
მისივე თქმით, ყველას ახსოვს ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე და ახლა ხორბალზე, ამას დაემატა აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
„გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სხვა განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა ანალოგიურ განზრახვას და სამწუხაროდ, დამწუხრებით მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩვენ ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და არ გავაკეთებთ ომს და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, რომ სააკაშვილმა ყველაზე დიდი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ომი.
დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს ეს იყო განზრახვა და მინდა, მთავარი კითხვა დაგისვათ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ.
მინდა, ყველას ვუთხრა – მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, ვისაც სურდა ომი ჩემსა და თქვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის, ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი საქართველოში არ იქნება, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა