ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია ირაკლი შატაკიშვილი (N41 “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”).
„აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. კენჭისყრის დასრულების შემდეგ განხორციელდა ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. ამასთან, გადაითვალა 5 საარჩევნო უბნის შედეგებიც. ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლისას უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. ვიდეომასალა ხელმისაწვდომია Google Drive-ის პლატფორმაზე. რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 139 989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 40 614-მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია: №34 მამუკა ტუსკაძე -„მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის” – 2 634 ხმა, 6.95%; №41 ირაკლი შატაკიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 34 333 ხმა, 90.61%; №59 კამალ მურადხანოვი – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია” – 923 ხმა, 2.44%“, – განაცხადა იოსელიანმა.