რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა საავიაციო სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით თათბირის გახსნისას განაცხადა.
პუტინის განკარგულებით, რუსეთისგან გაზის შესაძენად აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსულ ბანკებში ანგარიშები უნდა გახსნან. ახალი წესები პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
„ამგვარი ქვეყნებიდან კონტრაგენტებს ვთავაზობთ გასაგებ და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ხვალიდან, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა „გაზპრომს“, ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას დაავალა, 31 მარტამდე გაუწიონ ორგანიზება „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის მიწოდების სანაცვლოდ ანგარიშსწორების რუბლებში გადაყვანას. რუბლებში გაზის საფასურის გადახდაზე უარი განაცხადეს „დიდ შვიდეულში“.