ახალქალაქში იმუშავებს ცენტრი, რომლის დანიშნულება იქნება დაგვიანებული მეტყველებისა და ქცევითი განვითარების მქონე ბავშვების დახმარება, მათ სხვადასხვა სახის ინდივიდუალური თერაპია ჩაუტარდებათ.
როგორც ცენტრის დირექტორ სვეტლანა სერობიანისგან შევიტყვეთ, ბავშვებთან საჭიროებისამებრ შემდეგი სპეციალისტები იმუშავებენ: ადრეული განვითარების კოალიციის მიერ თბილისში გადამზადებული მეტყველების თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი და ქცევის სპეციალისტი.
ცენტრის დირექტორის თქმით, ასეთი ბავშვები რეგიონში ბევრია, თუმცა მშობლებს რატომღაც არ სურთ ამ საკითხის წინ წამოწევა და პრობლემაზე საუბარი, ამიტომ ჩვენს რეგიონში ეს სერიოზულ პრობლემად ითვლება.
„პრობლემა საკმაოდ რთულია, რადგან ახალქალაქში ამდენი ხანი არ არსებობდა ცენტრი, სადაც ბავშვები საჭირო საბაზისო თერაპიას მიიღებდნენ. ჩვენ შევეცადეთ ასეთი ბავშვების მოძებნაა. ისინი ჩვენს რეგიონში 50-60-მდეა“.
ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ასეთი ბავშვების მოძიება, მშობლებთან მუშაობა, გამართულად და კომპეტენტურად იმუშაონ ბავშვებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ცენტრი მუშაობს ბავშვებთან და 18-მდე წლის მოზარდებთან.
სვეტლანა სერობიანი აღნიშნავს, რომ ბავშვებს თბილისში გამოკვლევა ჩაუტარდებათ და მხოლოდ დიაგნოზის დადგენის შემდეგ შეძლებენ ადგილზე თერაპიის მიღებას. სპეციალისტის თქმით, თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა განხორციელდება. ცენტრი ბავშვებთან იმუშავებს სხვადასხვა ენაზე: სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე.
ამ სოციალური საწარმოს შექმნას მხარი დაუჭირა პროგრამამ “ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობისთვის”, რომელიც ადრეული განვითარების კოალიციის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წინადემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამას ასევე მხარს უჭერენ Mercy Corps-ი და “ევროკავშირი საქართველოსთვის”.
ცენტრის მისამართი: ახალქალაქი თავისუფლების ქ. 34 კორპუსი 5.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 574 20 97 44.
ლიდა ალმასიანი