„ერთი წამით ტრაქტორი კინაღამ გადატრიალდა, ორსულის ქმარმა ისე იკივლა, მისი ყვირილი ახლაც ყურებში ჩამესმის. ამ დროს ყველა ცოცხალი კედელივით დავდექით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტრაქტორი არ გადაბრუნებულიყო“, – განუცხადა Jnews-ს სოფელ სამსარიდან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
20-21 მარტს, ღამით, როცა სოფელ პატარა სამსარში ძლიერი ქარბუქი იყო, ერთ ორსულს მშობიარობა დაეწყო. ქალის ტრანსპორტით საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელი გახდა. სასწრაფო დახმარება და სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც ახალქალაქიდან სოფლის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრი გაიარეს, გზა ვეღარ გააგრძელეს და უკან დაბრუნდნენ.
ქარბუქში სამსარამდე მისვლა შეუძლებელი გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფმა სოფლის მოსახლეობას ურჩია, თავად ეპოვათ გამოსავალი.
პატარა სამსარში პირველადი სამედიცინო დახმარების ექიმი არ არის და დიდი სამსარიდან ექთანმა დაკეტილი გზის გამო ვერ შეძლო პატარა სამსარში მისვლა. ორსულ ქალთან ერთად სოფელში მცხოვრები ქალი იყო, რომელსაც საექთნო განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა.
სასწრაფოს და მაშველების მეორედ გამოძახების შემდეგ, სასოწარკვეთილი სოფლის მოსახლეობა ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს მიუბრუნდა, რომელმაც გზის გასახსნელად არა მხოლოდ შესაბამისი ტექნიკა გამოგზავნა, არამედ თოვლის გაწმენდას პირადად აკონტროლებდა.
უკვე შუაღამისას, დაახლოებით 3 საათზე, მერის ინიციატივით, სოფელ სამსარში გზაზე თოვლის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. თუმცა, სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ხეობამდე რომ მიაღწიეს, თოვლგამწმენდმა მანქანებმა სვლა ვეღარ მოახერხეს. სამსარელებს ორსულის ხეობაში წაყვანა ტრაქტორით მოუწიათ.
„ერთადერთი გამოსავალი იყო ქალის ხეობაში ტრაქტორით წაყვანა, მაგრამ ისე ციოდა, რომ არცერთი ტრაქტორი არ იქოქებოდა. ერთი მათგანი ღამით ექიმთან მივიდა და გზაში დარჩა. როგორღაც მოვახერხეთ არსენის ტრაქტორის დაქოქვა, რომელშიც 3 ქალთან ერთად ფეხმძიმე ქალი იმყოფებოდა, 20-ზე მეტმა ახალგაზრდამ კი ნიჩბებით გზა გავწმინდეთ და ხეობაში მისვლაში დავეხმარეთ. ქარბუქი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთმანეთს ძლივს ვხედავდით“, – იხსენებს სოფელ პატარა სამსარელი ვარუჟან ავაგიანი.
გაჭირვებით, მაგრამ ახალგაზრდებმა საბოლოოდ მოახერხეს ორსულის ხეობამდე მიყვანა, საიდანაც ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.
„ორი ბიჭი დაჯდა, რომ ორსულს ტრაქტორიდან გამოსვლა შესძლებოდა, მათ ზურგზე დამდგარიყო. აუტანელი იყო სასწრაფოს ექიმების გულგრილობა, მანქანიდანაც არ გადმოსულან, რომ დახმარება მაინც გაეწიათ“, – ამბობს ორსული ქალის ერთ-ერთი ახლობელი.
სასწრაფო დახმარების მანქანამ ქალი ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ახლობლები კი ახალქალაქში მაშველების დახმარებით მივიდნენ. საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, გართულებების გამო, ახლობლებმა ორსული თბილისში წაიყვანეს, სადაც იმშობიარა. დედაც და ახალშობილი ჰაკობი თავს კარგად გრძნობენ, თბილისიდან უკვე სახლში დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ პატარა სამსარაში ქარბუქმა სოფელი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. სოფლისკენ მიმავალი გზა გაუვალი იყო, თოვლის სიღრმემ ზოგან 6 მეტრს მიაღწია, 6-მდე სახლი და ათეულობით ტექნიკა თოვლის სქელი ფენის ქვეშ დარჩა, სოფლის მოსახლეობა კი ისევ ეხმარება ერთმანეთს სახლების და მანქანების თოვლიდან ამოყვანაში.