დღეს, 18 მარტს, ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე წყლის მილის შეცვლის სამუშაოები უნდა განახლებულიყო, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია. როდის გაგრძელდება სამუშაოები, ორშაბათს გადაწყდება.
უკვე მეორე დღეა აქტიური კამათი მიმდინარეობს იმაზე, რომ ჯავახეთის ქუჩაზე, თოვლისა და ძლიერი ყინვების მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განახლდეს, ვინაიდან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები იწურება. სარეაბილიტაციო ობიექტიდან დღეს კომპანია „მშენებელობის“ კუთვნილი ტექნიკა გაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სერვისცენტრის – „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ წარმომადგენლებიც, რომელიც ჯავახეთის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გამოცვლას აფინანსებს. ადგილზე შეკრებილმა ქუჩის მცხოვრებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. მათი აზრით, თუ მშენებლები ახლა დაიწყებენ მილების შეცვლას, იძულებულნი იქნებიან სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში წყალი დაკეტონ.
„ახლა სახლში წყალი რომ არ გქონდეს, როგორ შეიძლება? გავიყინოთ? მომდევნო 2 თვე მაინც გვჭირდება გათბობის ჩართვა“, – ამბობს ქუჩის მცხოვრები.
მოსახლეობა ასევე აღშფოთებულია გადათხრილი ქუჩის გამო. სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო, ქუჩის ნაწილი გაითხარა და ქუჩაში მოძრაობა მთელი ზამთრის განმავლობაში გართულებულია. მოსახლეობას ქუჩის რეაბილიტაციის საბოლოოდ დასრულება სურს, თუმცა ახლა უწყლოდ დარჩენის საფრთხეს ხედავენ.
„აბსოლუტურად არ გვჭირდებოდა ამ სამუშაოების დაწყება ნოემბერში. ახლა რომც დაიწყოს, წვიმების სეზონი დაიწყება. გზა გაუვალი იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ ამის დაწყებას, ეს არარეალურია. ამის დაშვება არ შეიძლება“, – უთხრეს ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა გაერთიანებული წყალმომარაგების სერვის ცენტრის წარმომადგენლებს.
თავის მხრივ, კომპანია, რომელიც ახორციელებს ამ სატენდერო პროგრამას, თანხმდება, რომ ახლა არ ღირს მუშაობის განახლება. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამუშაოები, რომელიც ამ ამინდის პირობებში განხორციელდება, უხარისხო იქნება.
„ტექნიკისა და სამშენებლო მასალების პრობლემა არ გვაქვს. ახლაც შეგვიძლია დავიწყოთ. მართალია, რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ისინი მართლები არიან. წყალი რომ დავკეტოთ, ერთი ან მეტი თვით გაუჭირდებათ“, – ამბობს „მშენებლობის“ წარმომადგენელი, ვარდან ჩოლახიანი.
შედეგად, გაერთიანებული წყალმომარაგების სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა „მშენებლობის“ წარმომადგენლებთან ერთად გადაწყვიტეს ორშაბათს ახალციხეში სამუშაოს თარიღის გადადებაზე იმსჯელონ.
„გვინდა, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს პრეტენზია, გვინდა კმაყოფილი დარჩეს შესრულებული სამუშაოთი. ჩვენზე მაღლა მდგომები ახალციხეში არიან. ორშაბათს მშენებელთან ერთად ახალციხეში წავალთ. დავსხდებით და ვისაუბრებთ. ავხსნათ სიტუაცია ამინდის პირობებიდან გამომდინარე. გადავწყვეტთ. ამ დროისთვის ყველა ვადები არეულია. საგზაო დეპარტამენტის ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, გვიან მოგვცეს ნებართვა, ვადებმა გადაიწია. ამინდის პირობების გამო თარიღებიც გადაიდო. ზუსტი თარიღი არ ვიცი. ორშაბათს ყველაფერი გაირკვევა“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერი გიორგი ვახტანგიშვილი.
Jnews-ი ამ პროცესებს თვალს ადევნებს.
შეგახსენებთ, რომ ჯავახეთის ქუჩაზე ახალი კანალიზაციისა და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერში კომპანია „მშენებელობამ“ 603 700.00 ლარით გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში, 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო. თუმცა ზამთრის პერიოდის გამო სამუშაოების დასრულების ვადები ორი თვით გაგრძელდა.