საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე კვლავ ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ასევე მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.