დღეს, 2 მარტს, ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კულტურის სახლთან, უკრაინისადმი სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია გაიმართა. შეკრებილი აქტივისტები უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ – „არა ომს!“

ukraina_cuyc

„აქ შეიკრიბნენ აქტიური მოქალაქეები, ვისაც გული შესტკივა და სურს სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინას. გვინდა, რომ ეს ომი შეაჩეროს რუსეთმა. ეს არის სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელმა, თეონა ზურაბაშვილმა.

ახალქალაქის კულტურის სახლთან ქალაქისა და სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდები შეიკრიბნენ. აქცია აქტიური ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო.

ukraina_cuyc7

აქცია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 30-40 კაცი შეიკრიბა. მონაწილეებმა სახე უკრაინისა და საქართველოს დროშების ფერებში შეიღებეს. მათ ასევე ეჭირათ უკრაინის, საქართველოს, ევროკავშირის დროშები და პლაკატები მოწოდებით – “არა ომს!”.

ukraina_cuyc4

„ჩვენ ომის წინააღმდეგნი ვართ და გვინდა, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები, რაც შეიძლება მალე შეჩერდეს, რადგან ამ ყველაფერს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაურკვეველია, როდის დასრულდება საომარი მოქმედებები, რადგან იქმნება საკვების,  სამედიცინო საშუალებების და ა.შ უკმარისობა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ სოციალურ პლატფორმასთან და მზად ვართ დავეხმაროთ ომში მყოფ ადამიანებს. რატომ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას? იმიტომ, რომ იქ, ამჟამად სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და მთლიანად მშვიდობიანი მოსახლეობა“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, ცეკვის ანსამბლ «მურჯის» სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი მეტრეველმა.

ukraina_cuyc3

„დღევანდელი აქცია ახალქალაქში ეძღვნება იმის, რომ არ იყოს ომი, შეწყდეს ეს სისხლისღვრა. ჩვენ გვინდა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის ორგანიზაციის დირექტორმა, მახარე მაცუკატოვმა.

ukraina_cuyc5