საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
„2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.
„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ.
გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 10,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარი 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. ჩვენი ხელისუფლება მყარად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის გზა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის დაძლევამდე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარისხის თვისებრივ ამაღლებამდე და დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.