ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, სახელმწიფოს კეთილსინდისიერებით საქართველო 2021 წელს რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ლიეტუვა, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და ა.შ.
კვლევის შედეგებს გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას.
„კონკრეტული კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა ინდიკატორებს, რომლითაც ფასდება სახელმწიფოები, ესენია – ადმინისტრაციული ტვირთი, სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პრესისა და სასამართლოს თავისუფლება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული „სახელმწიფოს სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსი 2021“ აფასებს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაჩვენებლებს. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. სარეიტინგო თვალსაზრისით საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. წინა, 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს უსწრებდა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის ქვეყანას მეოთხე ადგილი ეკავა.
სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ იწარმოება. მისი გამოქვეყნება ევროპის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 2015 წლის შემდეგ დაიწყო. ანგარიში გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს ეყრდნობა.