დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთული, მაგრამ მართვადია. მისივე თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. რამდენი ხანი გახანგრძლივდება, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული. თუ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და გავიკეთებთ ბუსტერს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ კორონავირუსის მეექვსე ტალღა. აქტიური შემთხვევებიდან ზეწოლა უფრო მეტად მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან შექმნილ ვითარებაში აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზაზე.
„სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ არის მაღალი. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება არის ბუსტერი. ბუსტერიზებული დღეს არის 180 000-მდე ადამიანი, მეტი არა. ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ბუსტერი დღეს „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პირბადე ატარონ. „აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვასა და ბუსტერზე. პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტზეა, რაც საკმარისი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით 95 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონი“.
მისივე თქმით, „ომიკრონიდან“ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.
„დღეს ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით 95 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონი“. „ომიკრონიდან“ „ომიკრონის“რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ იყოს. ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია“, – განაცხადა გამყრელიძემ.