ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების თვალსაზრისით მდგომარეობა მძიმდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ამ დროისთვის კარანტინი 7-სკოლასა და ერთ კლასშია გამოცხადებული, ორშაბათიდან კიდევ 3 სკოლა დაიხურება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს, 263 ტესტი ჩაატარა, მათგან 206 ანტიგენზე, 57 PCR ტესტი, რის შედეგადაც ინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ორშაბათიდან სოფელ დილისკას ორი სკოლა და სოფელ კუმურდოს სკოლა იკეტება. ამ სკოლების მასწავლებლებს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
დახურული სკოლების რაოდენობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც იზრდება. გუშინდელიდან სოფელ ვაჩიანის სკოლა დაკეტილია, 1-ლი თებერვლიდან კი ახალქალაქის მე-5 სკოლა (ინტერნატი). მანამდე დაიხურა ახალქალაქის 1, 2, 4 სკოლები, ასევე სკოლები ვარევანსა და ხანდოში. მუნიციპალიტეტში კი უკვე 10 სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე.
სოფელ კულიკამის სკოლიდან ერთ მასწავლებელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ მასწავლებელს სხვებთან კონტაქტი არ ჰქონია, ამიტომ სკოლა არ იხურება, ხოლო მასწავლებელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.