ზამთრის არდადეგების შემდეგ საქართველოში ყველა სკოლა დღეს, 17 იანვარს, გაიხსნა. გაიხსნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაც. როგორია ახალქალაქის სკოლებში დასწრების მაჩვენებელი?
მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში გაკვეთილები შენობაში ჩატარდა.
ახალქალაქის 1-ლ სკოლაში (თუმანიანის სახელობის) მოსწავლეთა ცუდი დასწრება იყო.
“პირველ დღეს, ალბათ, ბევრი არ მოსულა. მაგრამ მგონი ხვალიდან ყველაფერი მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოსწავლე იყო, 7 გაკვეთილი ჩავატარეთ”, – ამბობს №1 სკოლის დირექტორი, რუზანა ტეპოიანი.
მე-2 სკოლაში (რუსული სკოლა), მასწავლებლის თქმით, მოსწავლეთა 85% იყო.
მე-3 სკოლამ (ქართული) დღეიდან გაკვეთილების ჩატარება საკუთარ შენობაში დაიწყო. სკოლაში 2020 წლის გაზაფხულიდან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და დღეს, პირველად, სკოლის შენობაში გაკვეთილები განახლდა.
„დღეს სკოლაში საკმაოდ ბევრი მოსწავლე იყო, ვიცით, რომ ავად არიან, ზოგი ონლაინზეა, 200 მოსწავლე გვყავს და სკოლაში მაქსიმუმ 20 მოსწავლე არ იყო. 10-მდე მოსწავლე ონლაინ სწავლობს“, – ამბობს N3 სკოლის დირექტორი, თამარ ოძელაშვილი.
ქართული სკოლიდან ერთი მასწავლებელი კორონავირუსით დაავადდა და 20-დან უკვე სამსახურში მივლენ.
მე-4 სკოლაში (დემირჩიანის სახ.) დასწრება საშუალო იყო. როგორც მთავარი მასწავლებელი, გაიანე ერემიანი ამბობს, 600 მოსწავლიდან დღეს 200-მდე ბავშვი არ იყო.
მე-5 სკოლაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი), დირექტორი ნაზენი მოსოიანის თქმით, დღეს სკოლაში მოსწავლეთა ნახევარზე მეტი იყო.
“ალბათ იფიქრეს, პირველ დღეს სიცივე იქნებოდა. მათ შორის არიან ავადმყოფებიც. უფროს კლასებში ცოტა იყო გაცდენა, ძირითადად უმცროსი კლასების მოსწავლეები არ მოვიდნენ სკოლაში”, – ამბობს ნაზენი მოსოიანი.
ახალქალაქის განათლების ცენტრის რესურსს არ აქვს ინფორმაცია თუ, როგორი იყო მოსწავლეთა დასწრება სკოლებში არდადეგების დამთავრებიდან პირველივე დღეს.