საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა მზად არის 17 იანვრიდან, ზამთრის არდადეგების შემდეგ, სრულ განაკვეთზე სწავლა განაახლოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი.

მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ გაკვეთილების ფორმა და სურვილის შემთხვევაში გადაერთონ დისტანციურ რეჟიმზე. ასევე, რისკ ჯგუფებს მიკუთვნებულ მასწავლებლებს შეუძლიათ დისტანციურ სამუშაოზე გადავიდნენ.

გარდა ამისა, ახალი სემესტრიდან გაგრძელდება პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ონლაინ სატელევიზიო გაკვეთილების ერთობლივი პროექტი – „ტელესკოლა“.

„ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სკოლებში მკაცრად იქნება დაცული, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

1-12 კლასის ყველა მოსწავლეს კვლავ მოეთხოვება ნიღბის ტარება. სახელმწიფო გააგრძელებს მასწავლებლების რეგულარულ ტესტირებას კორონავირუსზე. ცნობილია, რომ მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა 73%-მა უკვე გაიარა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი. ყველა სკოლა აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოსკრინინგით, სადეზინფექციო ბარიერებით.

ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყო. საახალწლო არდადეგებზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ამას „ომიკრონის“ ახალი შტამის გავრცელებას უკავშირებენ.