ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის გზებსა და ცენტრალურ ქუჩებს თოვლისგან 2022 წელს, შპს „ჯავახავტო გზა“ გაასუფთავებს. დასუფთავების თანხა – 65 000ლარი, წინა წლიდან დაიზოგა.
კომპანია შპს „ჯავახავტო გზამ“ ახალქალაქის სოფლების გზებისა და ქალაქის ცენტრალური ქუჩების თოვლისგან გაწმენდის ტენდერში 2021 წელს გაიმარჯვა, წელს კი კომპანია გზებს კონკურსის გამოცხადების გარეშე გაწმენდს. შარშან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისთვის 100 000 ლარი გამოიყო, საიდანაც კომპანიამ 35 000 ლარი დახარჯა, დარჩენილი თანხა, მერიის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტში გადასატანი თანხის სახით ჩაირიცხა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის განცხადებით, მერიამ ბოლო ტენდერიდან 65 000 ლარი დაზოგა.
„ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, მთავრობასთან კოორდინირებულად. შარშან ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯავახავტო გზასთან“ შევთანხმდით, რომ წელსაც განაგრძობენ დასუფთავებას წლის ბოლომდე. დაზოგილი თანხა საკმარისი იქნება“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.
აღსანიშნავია, რომ შარშან, წლის ბოლოს, მერიამ სოფლის გზებისა და ქალაქის ქუჩების თოვლისგან გაწმენდაზე ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა – 2021 წლის 30 ნოემბერს და 2021 წლის 9 დეკემბერს. ორივე შემთხვევაში კონკურსში არავინ მონაწილეობდა.
სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას უნდა გაეწმინდა სასოფლო გზები 24 მიმართულებით, სულ 174 კმ სიგრძის გზა და ახალქალაქის 14 ქუჩა, ამ ქუჩების ის მონაკვეთები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა.
აღსანიშნავია, რომ წლეულს ახალქალაქში ცოტა თოვლი მოვიდა. ზამთრის სეზონზე თვენახევრის განმავლობაში სოფლის გზები თოვლის გამო არ ჩაკეტილა. ქალაქში კი რეაგენტებს ძირითადად ცენტრალურ ქუჩაზე ყრიან.