ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები, ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მასობრივი თავშეყრები, სადაც მიმდინარეობს კვება, ალკოჰოლის მიღება, ეს არის ყველაზე მთავარი რისკფაქტორი ვირუსული ეპიდემიების დროს.

„ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მივესალმებით, რომ ოჯახური, მოკრძალებული აღნიშვნა იყოს, მაგრამ ძალიან ნუ გავაფართოებთ ამ არეალს. მე არ მივესალმები კლუბების გახსნას. ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, თუ ამის გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, „ომიკრონის“ საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.