19 წლის სარქის სააკიანი, რომელიც 18 ნოემბერს, პერფორირებული წყლულის ნაკერის ოპერაციიდან 7 დღის შემდეგ გარდაიცვალა, ლეტალური შედეგი სავარაუდოდ, თრომბოემბოლიამ გამოიწვია, – ასეთია ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის ვარაუდი.
“ზუსტი მიზეზი გამოკვლევით დადგინდება. მაგრამ ასეთი უეცარი სიკვდილი მხოლოდ თრომბოემბოლიის დროს ხდება. ალბათობა მაღალია, რადგან ოპერაცია გაიკეთა”, – განმარტავს ექიმი.
მისივე თქმით, თუ ეს თრომბოემბოლია იყო, მაშინ ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა – სახლში, ლაზარეთში, ან თუნდაც საავადმყოფოში, ერთი შედეგი დადგებოდა. ვერც ერთი საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს თრომბოემბოლიის პრევენციას.
„არ მივიჩნევ, რომ სამედიცინო შეცდომა იყო, სისხლდენა არ ყოფილა, არაფერი იყო, ოპერაციას სხვა შედეგები რომ ჰქონოდა, ასე სწრაფად არ უნდა მომხდარიყო, წნევის ვარდნა უნდა ყოფილიყო, ან სხვა სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის”- ამბობს ის.
სარკის სააკიანს ოპერაცია 11 ნოემბერს გაუკეთეს, 16 ნოემბერს კი გაწერეს. ოპერაციის შემდეგ, ის თავს კარგად გრძნობდა. 18-ში ლაზარეთში იყო, როცა ავად გახდა.
„შეეცადნენ დახმარებოდნენ, გაუკეთეს მასაჟი, ინექციები, რასაც ასეთ შემთხვევებში აკეთებენ, მაგრამ ნახეს, რომ არ უშველა, წამოიყვანეს ჩვენთან. მოყვანიდან 10-წუთში გარდაიცვალა, ის უკვე მკვდარი იყო“, – ამბობს ალექსან თოროიანი.
ბიჭი საავადმყოფოდან სამხედრო სასწრაფო მანქანით გადაიყვანეს.
მათ სურდათ ბიჭის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, წყლულის გამო ის სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ახალწვეული იყო და სამხედრო მომზადებას ახალქალაქის სამხედრო ნაწილში გადიოდა.