სამცხე-ჯავახეთის ექსპერტიზის ბიუროსთან, ნინოწმინდის სოფელ ფოკის მაცხოვრებლები არიან შეკრებილნი, ისინი 19 წლის სარქის სააკიანის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ.
19 წლის მამაკაცი ახალქალაქის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
11 ნოემბერს მას კუჭის წყლულის ოპერაცია ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გაუკეთდა. ოჯახს კი მეორე დღეს შეატყობინეს.
სარქის სააკიანი 16 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ კლინიკამ მეორე დღესვე მოითხოვა პაციენტის უკან დაბრუნება. დღეს კი, დაახლოებით 13:30 საათისთვის ოჯახს დაურეკეს, რომ ჯარისკაცი გარდაიცვალა.
სოფელ ფოკის მოსახლეობა საქმის გამოძიებას ითხოვს.
თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ამირან ნოზაძე ამბობს, რომ სარქის სააკიანის გარდაცვალებას გამოძიება დაადგენს.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, გვამს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს, სიკვდილის მიზეზი კი ერთ თვეში გახდება ცნობილი.