საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის რესპუბლიკების სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა.
შსს-ს ცნობით, სწავლებაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
„ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება. სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.
წვრთნების სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა.
სწავლების შემაჯამებელი ღონისძიება სექტორი „ვალეს“ ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ემზარ აბრამიშვილმა ჩატარებული წვრთნები შეაფასა და მონაწილეებს წარმატებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებსა და სწავლების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბერათ აჯარმა.
ღონისძიების დასასრულ, წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ერთობლივი წვრთნები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.