„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

“დღეს რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა. მე ქალაქ-ქალაქ ვიარე და განგებ ვდებდი ფიცს, რომ ძალიან ბევრ ათასს საქართველოს მოქალაქესთან ერთად, გამარჯვებულები შევალთ სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლებში შესვლა აღარ იქნება. დასრულებული და გადაწყვეტილია ეს საკითხი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხელისუფლებას ვაძლევ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, თუ საღი აზრი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა, ჩვენ ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე”, — განაცხადა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე.