არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი, როგორც ცესკო-ში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.
ცესკო-ს ცნობით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.