№2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება

№2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება

ახალქალაქის მერიამ №2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ობიექტი დიდი ხანია შეკეთებას საჭიროებს.

სკოლა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მოსწავლეთა რაოდენობით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი 7 ოქტომბერს გამოცხადდა, ხოლო განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 109 708 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სახურავისა და წყალსაწრეტი ღარის დემონტაჟი. მათ სანაცვლოდ გათვალისწინებულია გადახურვის ფილებზე ხის კარკასის მოწყობა და შემდგომში პროფნასტილის სახურავის მონტაჟი.
shportzal russkaya shkola 2
შენობის არსებული კედლები სილიკატური აგურითაა აგებული. ამასთან, მზიდი კედლები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. პროექტით გათვალისწინებულია სილიკატური აგურის არამზიდი კედლის დემონტაჟი, მის ადგილას კი არმირებული ბეტონის კედლის მოწყობა იგეგმება. ასევე გათვალისწინებულია არამზიდ კედელზე არსებული რკინაბეტონის კარნიზის დემონტაჟი და კედლის აღდგენა რკინაბეტონით, კარნიზის მოწყობის გარეშე.
სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
შეახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელშიც საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქველმოქმედებს მიმართეს თხოვნით — დახმარებოდნენ სკოლის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობაში, დათბუნებასა და აღჭურვაში. აქტიურმა მოსწავლეებმა სკოლის სპორტდარბაზის სავალალო მდგომარეობა აჩვენეს. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკური განვითარება და სპორტის გაკვეთილები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, თუმცა არსებული პრობლემები ხელს უშლით ვარჯიშში და გაკვეთილებზე დასწრების სურვილს უკარგავთ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე