2021-2022 სასწავლო წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში 640 პირველკლასელია, აქედან 205 ახალქალაქის სკოლებში, დანარჩენი 435 კი სოფლებში. ყველა პირველკლასელი მიიღებს ACER-ის მარკის ახალ ნოუთბუქს.
პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 4 ოქტომბრიდან დაიწყებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 640 პირველკლასელია რეგისტრირებული. ყველა სკოლაში არიან პირველკლასელები, მაგრამ არის სოფლები, სადაც მიმდინარე სასწავლო წელს პირველი კლასები არ გაიხსნება. სოფელ თახჩას, ლომატურცხის და ქარცეფის სკოლები პირველკლასელების გარეშე რჩებიან.
ნოუთბუქს ყველა პირველკლასელი მიიღებს.
”ჩვენ უკვე გადავეცით კომპიუტერი ყველა დირექტორს, მათ ან უკვე გადასცეს ბავშვებს, ან ისინი ამას გააკეთებენ 4 ოქტომბერს”, – თქვა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ მიქელაძემ.
წარმოგიდგენთ ახალქალაქის სკოლებში პირველკლასელთა სტატისტიკას:
№1 სკოლა (თუმანიანის სახ.) – 39 პირველი კლასის მოსწავლე
№2 სკოლა (რუსული) – 85
№3 (ქართული სკოლა) – 18
№4 (დემირჩიანის სახ.) – 51
№5 (ყოფილი ინტერნატი) – 12
გასულ წელთან შედარებით პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა. გასულ წელს 559 პირველკლასელი დარეგისტრირდა, 2019 წელს-604 პირველკლასელი, ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში 694 ბავშვი მივიდა.