ახალქალაქის ბიბლიოთეკაში რემონტი მიმდინარეობს. ტენდერის მიხედვით სამი ოთახის გარემონტება იგეგმება. ბიბლიოთეკაში იმედოვნებენ, რომ წიგნების შენახვის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თუმცა, გათბობის საკითხი არ მოგვარებულა.
”კედლების შელესვა და შეღებვა, იატაკის გასწორება და ლამინატით დაფარვა, კარების შეცვლა და სამ ოთახში ჭაღების დაყენება დაიგეგმა”, – ჰყვება ერთ -ერთი მუშა.
მისი თქმით სამუშაოები დაახლოებით 6 დღის წინ დაიწყო და კედლები უკვე გაასწორეს და შელესეს, ამოიღეს ძველი იატაკი და შეცვალეს კარები, რჩება მხოლოდ იატაკის ახალი საფარის გაკეთება და კედლების შეღებვა, ასევე ჭაღების ჩანაცვლება.
წიგნები ჯერ-ჯერობით დარბაზში და ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ძველ ოთახში ინახება. დერეფნის რემონტი ტენდერში არ შედის, მაგრამ ბიბლიოთეკის მენეჯმენტი მუშებს სთხოვს დერეფნის იატაკზე გაჩენილი ხვრელებიც შეავსონ. შეკეთდება თუ არა ჯერჯერობით უცნობია.
“შევაკეთეთ სახურავი – ყოველი მხირდან ჟონავდა. ახლა ოთახები მშრალია, რაც ძალიან კარგია წიგნების შესანახად. ტენიანობის პრობლემა სრულად აღმოვფხვერით”, – განმარტავს მუშაკი.
ბიბლიოთეკის გათბობა ტენდერით გათვალისწინებული არ არის, ანუ ეს პრობლემა გადაუჭრელი დარჩება. ბიბლიოთეკის მენეჯერის თქმით, შეშის ღუმელს გამოიყენებენ.
მუშები სამუშაოს დასრულებას 10 დღეში გეგმავენ.
ბიბლიოთეკის გარემონტების ტენდერი, №1 საბავშვო ბაღის გარემონტებასთან ერთად, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ვარდ მკოიანმა მოიგო და ბიბლიოთეკის გარემონტებისთვის 16 873 ლარი გამოიყო. ტენდერის თანახმად, სამუშაოები 2021 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.