ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ფინანსური დახმარების პაკეტი 35 მილიონი ევროთი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს, გლობალური დეფიციტის ფონზე, ვაქცინებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წვდომა გაზარდოს და დააჩქაროს ვაქცინაციის პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.

აღნიშნული თანხა დაემატება, თებერვალში 40 მილიონი ევროს ოდენობით გამოყოფილ პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა.

„ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდსერთიფიკატის განვითარების მხარდაჭერას“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“,- აღნიშნავს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.