დღეს, მმართველმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” კაფე “გრანდ მურში” ახალქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა. მერობის კანდიდატი ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბარალეთის ტერიტორიული ოლქიდან, მელქონ მაკარიანია.
კანდიდატის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალქალაქის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატები: სამველ მანუკიანი და სუმბატ კურეგიანი; ახალქალაქის ამჟამინდელი, მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და პარტიის წევრები.
მერობის კანდიდატი დეპუტატმა სამველ მანუკიანმა წარადგინა.
“ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მოხარული ვარ, რომ გესაუბრებით. ახალქალაქის მერობის კანდიდატი უკვე განვსაზღვრეთ, ეს იქნება მელკონ მაკარიანი. ვფიქრობ, რომ აქ შეკრებილები იცნობენ მას, არ არსებობს ადამიანი, ვინც უკმაყოფილო იქნება. არის ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ის კანდიდატი- პიროვნებაა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ ერთი საერთო საქმე გვაქვს”, – თქვა სამველ მანუკიანმა.
სამველ მანუკიანმა მადლობა გადაუხადა მოქმედ მერ იურიკ უნანიანს გაწეული სამუშაოსთვის.
მადლობის სიტყვები წარმოთქვა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმაც, ის სომხურ ენაზე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და შემდეგ სიტყვა ქართულად განაგრძო.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ვფიქრობთ, რომ მინიმალური შედეგი იქნება 70%. გამარჯვებისთვის, მელკონისთვის”, – თქვა ბესიკ ამირანაშვილმა.
დასასრულს, მერობის კანდიდატმა მელკონ მაკარიანმა ისაუბრა, კერძოდ:
“დიდი მადლობა პარტია ” ქართულ ოცნებას” ჩემი კანდიდატურის დასახელებისათვის. მადლობა ყველას, ვინც იბრძოდა, ვინც ჩემს გვერდით იყო. დღეს ეს მიღწევაა. ყველას მადლობას გიხდით, გპირდებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ხალხის გვერდით ვიქნებით, ჩვენ გავხდებით ხალხის მსახური. ისე, რომ ნაკლები პრობლემები იყოს “.