სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა, 2021 წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

შესაბამისი დადგენილება საკანონდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა, და რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.