ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე ბიუჯეტი აღარ ექვემდებარება ცვლილებებს.

დღეს, 27 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.  დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს და რეგიონში ძიუდოს ფედერაციის შექმნაზე ისაუბრეს.

ბიუჯეტში ცვლილებებმა შეადგინა 852 563 ლარი.  ეს თანხა გადანაწილდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, მათ შორის არის,  სოფელ აფნიაში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია, სოფელ იხტილაში წყალმომარაგების სისტემის დამონტაჟება, ახალქალაქის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სოფელ მოდეგამის ქუჩების განათება, ბიბლიოთეკების ასოციაციის შენობის რეაბილიტაცია, ახალქალაქში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მეორე შესასვლელი, სოფელ გოგაშენში გამწმენდი სარწყავი არხები, წყალმომარაგება ახალქალაქის მეცხოველეობის ბაზრის ტერიტორიაზე, სოფელ თირკნას წყალმომარაგება და რამდენიმე სხვა სამუშაო.

ასევე დამტკიცდა სხვადასხვა საქონლის შესაძენი წერტილების ხარჯი, გაიზარდა მუნიციპალური დაწესებულებებისა და ეკლესიებისთვის მომხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯის გადახდის ოდენობა.

შეხვედრის დროს საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა დეპუტატების ტაშის თანხმლებით ქართველ ძიუდოისტებს იაპონიის ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა.  შემდეგ განიხილეს ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის შექმნის საკითხი.

შეხვედრის დასასრულს, ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” კოორდინატორმა, ვაღაშ შაჰბეკიანმა დეპუტატებს ორგანიზაციის ახალი პროგრამა წარუდგინა, რომელსაც ისინი ახორციელებენ ახალქალაქში.